შეწყვეტილი სასწავლო პროცესი და მშობლების პროტესტი.
კვლავ გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყას საჯარო სკოლას და მის მოსწავლეებს. სკოლის მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა მეზობელ გომის საჯარო სკოლაში მშობლების გადაწყვეტილებით აღარ დადიან. თავად სოფელ ვაყას საჯარო სკოლაში მეორე წელია სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 1986 წელს გახსნილი სასწავლებლის საძირკველი დაზიანებულია. შენობას საინჟინრო ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რეაბილიტაცია ჩატარდება თუ ახალი აშენდება. მოსწავლეების მშობლები ითხოვენ დასახელდეს კონკრეტული ვადები, როდის შეძლებენ მათი შვილები სოფელ ვაყას სკოლაში დაბრუნებას და იმ სირთულეებზე საუბრობენ, რაც ბავშვებს სხვა სოფლის სკოლაში სიარულის დროს ექმნებათ. მათივე თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი შვილებს სკოლაში აღარ გაუშვებენ.