სიახლე, რომელსაც ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ – საქართველოში გაცემული მოქმედი მართვის მოწმობები ესპანეთში ვალიდური იქნება. შესაბამის შეთანხმებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ერთად მოაწერა.
გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ორი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტის მფლობელები თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობას იმ სახელმწიფოში მიიღებენ, რომელიც მათი კანონიერი საცხოვრებელია. ამ პროცედურისთვის კი თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება საჭირო არ იქნება.