46 წლის მამაკაცი, რომელიც წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის აივნიდან გადმოხტა, ამ დრომდე ქართულ-გერმანულ ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე რჩება. მკურნალი ექიმის განცხადებით, მამაკაცს სხვადასხვა სახის მოტეხილობა და დაზიანება აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობენ. მათი განცხადებით, 16 ივნისს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან, მამაკაცი გადმოხტა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.