დღეიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც კლინიკების მოულოდნელ შემოწმებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო მოულოდნელი შემოწმების გადაწყვეტილებას მიიღებს ახალნამშობიარები ქალის ან ბავშვის გარდაცვალების, ან იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების ან გარდაცვალების შესახებ ცნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელდება. კლინიკაში შესვლის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს და თავად პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის მიმართვაც. ახალი კანონის თანახმად, სააგენტო შემოწმებას დამოუკიდებლად დაიწყებს, თუმცა ამის შესახებ პარალელურად სასამართლოს აცნობებს. ახალი რეგულაციების მიხედვით გაიზარდა ჯარიმებიც, რომელსაც ინსპექტორები დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზევე გამოწერენ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ ახალი ცვლილებები ზრდის არა სააგენტოს ძალაუფლებას, არამედ მის პასუხისმგებლობას.