რუსთაველის გამზირზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები დიალოგის რეჟიმმა შეცვალა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერებსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის პირველი შეხვედრის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნარკოპოლიტიკის სადავო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
აქციის ორგანიზატორებმა მინისტრისგან ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების არგუმენტები მოისმინეს და პირობა მიიღეს, რომ 12 მაისის ღამეს სამართალდამცავების მოქმედებებს შეისწავლიან. ამ პროცესში სახალხო დამცველიც ერთვება. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, „თეთრი ხმაურის მოძრაობა” აქციების გაგრძელებას აანონსებს.