საქართველოს ფინანსთა მინისტრი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, რიჩარდ ნეფიუს გარდა, აუდიენციაზე ამერიკული მხრიდან იმყოფებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი და აშშ-ის საელჩოს მაღალჩინოსნები. ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.