დარღვეული შეთანხმება

სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. უთანხმოების საგანი ამჯერად ეროვნული ბანკის საბჭოში არსებული ორი თავისუფალი ადგილია. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ ოთხი თვის წინ გამოყენებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. ეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა.

თუ მმართველი პარტიის განცხადებას დავეყრდნობით, პრეზიდენტთან რამდენიმე, მათ შორის გუშინდელი კონსულტაციის შედეგად, შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს არდაძლევის შემთხვევაში, ხუციშვილის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინებოდა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს შეთანხმების დარღვევაში და ცენტრალური ბანკის საქმიანობის მიზანმიმართულ ხელშეშლაში ადანაშაულებს, ამ კონტექსტში დღეს სახელმწიფოს მეთაურის ის გადაწყვეტილებებიც გაიხსენეს, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასა და ელჩების დანიშვნას ეხებოდა.

თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც ხუციშვილის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და მმართველ პარტიას ზეწოლა-მუქარაში სდებს ბრალს. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც.