შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა სწორედ თბილისში შედგა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს.

აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.