მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, მასწავლებლების ხელფასების ეტაპობრივი ზრდა უნდა დაიწყოს. ასეთია განათლების ხუთდონიანი რეფორმით გათვალისწინებული გეგმა, რომელიც პედაგოგებს დღეს პრემიერმა პირადად გააცნო.
ანაზღაურების ზრდა ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხება გარდა პრაქტიკოსი პედაგოგებისა. ხელფასები მოემატებათ სკოლების ადმინისტრაციისა და რესურს-ცენტრების თანამშრომლებსაც.
დაანონსებული რეფორმის მიხედვით, უკვე 2022 წლისთვის, კარიერული სქემის ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი, ანუ მენტორი პედაგოგის ანაზღაურება 2 500 ლარამდე იქნება, მკვეთრად მოიმატებს სხვა საფეხურებზე მყოფი მასწავლებლების ხელფასიც. რაც შეეხება ასაკით პენსიონრებს. ისინი, ვინც სფეროდან ნებაყოფლობით წასვლას გადაწყვეტენ, ოქტომბერში ორი წლის ანაზღაურებას ერთიანად მიიღებენ.