დავოსში გამგზავრებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის ელჩთან, მასიმილიანო დანტუ-ონოსთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მინისტრმა იტალიელ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე, სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. ელჩმა კი თავის მხრივ დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.