შეფასებები ფარული ჩანაწერების საქმეზე

ოპოზიციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან კითხვები აქვს. მთავრობის წევრების დაბარების საკითხს დღეს ბიუროს სხდომაზე დააყენებენ.

არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ოპონენტების პოზიციას არ იზიარებს მმართველი გუნდი და გამოძიების დასრულებამდე მინისტრების პარლამენტში დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ფარული ჩანაწერები პოლიტიკური სპეკულაციაა. ბიუროს სხდომაზე დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივაც დარეგისტრირდება, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება საქართველოს ისეთი რუკის დამზადება, რომელზეც ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული იქნება.