შავი ზღვის წყლის ხარისხი

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში რეგულარული შემოწმება იწყება.

ინტენსიური მონიტორინგის მიზანი იმ რისკების პრევენციაა, რაც წყლის ხარისხს კახოვკის ჰესის წყალსაცავის აფეთქებამ შეუქმნა. შემოწმება ყოველ ათ დღეში ერთხელ ჩატარდება. ამ წუთის მონაცემებით, ქვეყანაში ზღვის წყლის ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებშია. თუმცა წყლის ნაკადის მიმართულების შეცვლის ან სტიქიის შემთხვევაში გარემოს დამცველები მავნე ნივთიერებების ჩვენს ქვეყნამდე მოღწევის საშიშროებას არ გამორიცხავენ. ბაქტერიებით და სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებით შავი ზღვის დაბინძურების საფრთხე 6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის კაშხლის დანგრევის და წყალდიდობის ზონიდან დაბინძურებული წყლის ზღვაში მასობრივად ჩადინების შედეგად გაჩნდა. ზღვის ნაკადის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოძრაობის გათვალისწინებით სპეციალისტების პროგნოზია, რომ დაბინძურებული წყალი პირველ რიგში რუმინეთსა და ბულგარეთში მიაღწევს, სადაც ინტენსიური კვლევები უკვე დაწყებულია, საქართველოს კი ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მაკა არჩევნიშვილი არკვევდა, რამდენად უსაფრთხოა წელს საზღვაო კურორტებზე დასვენება.