სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას მხოლოდ რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე ძებნაა გამოცხადებული. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს წესით გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა. 2008 წელს მომხდარ მკვლელობაში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი სპეცრაზმელები არიან ბრალდებულები. საუბარია თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტსა და აგვისტოს ომის მონაწილეზე, რომელსაც წინა ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ნაწილებთან თანამშრომლობაში და ნარკოდანაშაულში სდებდა ბრალს. შავაძე ქობულეთის გასასვლელთან მოკლეს, რაც მაშინ დაკავებულის გაქცევის მცდელობით ახსნეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჩატარებულმა ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სპეცრაზმელებმა სამხედრო ჯერ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. შავაძეს 40 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.