შამქორი 2024 – ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით მე-5 საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ქვედანაყოფების მხარდაჭერით ჩაატარეს. აღნიშნული მიზნად ისახავდა ქვედანაყოფების სინქრონიზებულ მოქმედებას, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერ რეაგირებასა და ამოცანების შესრულებას.
შამქორი 2024-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი კომპიუტერული სისტემების გამოყენებით კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში მიმდინარეობდა. მასში თავდაცვის ძალების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების პირადი შემადგენლობაც იყო ჩართული.