„ქართული ოცნება“ ხმის ფარულობის დარღვევასა და ამომრჩეველთა მობილიზებაზე ოპოზიციის ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებს, მესამე სექტორსა და მათ დამფინანსებელ უცხოელ აქტორებს, არგუმენტები არ აქვთ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თაღლითობას მიმართავს. მისივე თქმით, ევროპიდან მიღებული ფულით საქართველოს დემოკრატიის დაზიანება ხდება.
რაც შეეხება ხმის მიცემის ფარულობის საკითხს, პაპუაშვილმა პოლონეთის, ბულგარეთის, ლიეტუვასა და მოლდოვის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში საარჩევნო ყუთები ნახევრად ან სრულად გამჭვირვალეა და მოქალაქის არჩევანი პირდაპირ ჩანს. მისი თქმით, არჩევნების მობილიზებისა და მაღალი მხარდაჭერის საკითხზე დეზინფორმაცია ვრცელდება, რამაც სოციალურ ქსელში ფაშისტური კამპანიების სახე მიიღო. პაპუაშვილის განმარტებით, ამომრჩევლის მობილიზება საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია.