შალვა პაპუაშვილის განცხადება

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს. ამის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის დროს. კანონი, რომელსაც ხელს ვაწერ, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს. ეს კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს. 2024 წლის 17 მაისს მილიონამდე საქართველოს მოქალაქე გამოვიდა საქართველოს ქალაქების ქუჩებში, რითაც შედგა ფაქტობრივი რეფერენდუმი ამ კანონზე. მისი მიღების პროცესში გვქონდა ასევე განხილვები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სადაც როგორც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონის სულისკვეთებას. ამიტომ, ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც.“- წერს შალვა პაპუაშვილი.