პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებების ერთ-ერთი თემაა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტმა ძირითადად მოახლოებულ არჩევნებსა და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მათ შორის „ქართულ ქარტიაზე“, რომელიც სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა. ასევე, არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების შანსებზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს უმრავლესობის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილმა ოპოზიციის და საკუთარი გეგმები გაამხილა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა პრეზიდენტმა ის უცხოელი აქტორები უნდა დაასახელოს, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციას „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერაზე მიუთითებდნენ.