შალვა პაპუაშვილის განცხადება

„საქართველოს მთავრობამ, ჩვენმა საზოგადოებამ და უცხოელმა პარტნიორებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ჩვენს სასამართლოს, როცა საქმე შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების დასაწყისი გახდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. „ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ანალოგიების მიუხედავად, ჩვენი ეს განზრახვა უცხოელმა პარტნიორებმა ფართოდ გააკრიტიკეს. სამართლებრივი პროცედურის დაწყება იმგვარი პოლიტიკური პარტიის ასაკრძალად, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, ნორმალური პროცესია ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამიტომაც, ეს ინიციატივა სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არ გავიგოთ, როგორც კლიშედ ქცეული „დემოკრატიიდან უკანდახევა“ და „გადახვევა“, ტერმინები, რომლებსაც ჩვენი უცხოელი ოპონენტები გულუხვად იმეტებენ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას.„

პაპუაშვილის განცხადებით, მსგავსი რამ სულაც არ არის უჩვეულო სხვა ქვეყნებისთვისაც. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 37 ევროპული დემოკრატიიდან 20-მა ქვეყანამ 50 პარტიაზე მეტი აკრძალა 1945-2015 წლებში. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების მოგების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ასაკრძალად სამართლებრივი პროცედურის დაწყება იქნება. „უცხოელი პარტნიორების მიმართ ჩემი მოწოდება იქნებოდა, ფრთხილად მოიქცნენ ქართულ მართლმსაჯულებასთან დამოკიდებულებაში, რათა არ შეიქმნას აღქმა, რომ ისინი მართლმსაჯულებაში და, ამგვარად, დემოკრატიულ პროცესშიც ერევიან“ – წერს პაპუაშვილი.