როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს. ევროპარლამენტარის განცხადებით, „კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, თუმცა, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა“. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამგვარი განცხადება მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. „ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.