სავიზო შეზღუდვები

დაანონსებიდან ორ კვირაში გადაწყვეტილება მიღებულია.

გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ ამერიკამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სასანქციო პოლიტიკა აამოქმედა. სტრატეგიული პარტნიორების მრავალწლიან ურთიერთობაში პირველად ვაშინგტონი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს სავიზო სანქციებს უწესებს. 24-დან 36-მდე პირი გვარების მითითების გარეშე – მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები, სამართალდამცავები და კერძო პირები, რომლებშიც დასანქცირებულთა ოჯახის წევრები იგულისხმებიან. ურთიერთობის გადახედვის გეგმა ძალაში რჩება, რაც ნიშნავს, რომ მომავალში აშშ სასანქციო პაკეტის გაფართოებას და დამატებით შეზღუდვებს არ გამორიცხავს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან ერთად გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ხელისუფლების რიტორიკა, კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ სამართალდამცავების მოქმედებები და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ორი წლის წინ მოსამართლეების დასანქცირების მსგავსად, ოფიციალური ვაშინგტონის ამ ნაბიჯსაც სრულად იზიარებს ოპოზიცია, რომელიც სანქციების გაფართოებას ელოდება. გადაწყვეტილებაში შანტაჟის ნიშნებს ხედავს მმართველი პარტია, რომელიც სანქციების მიზეზების დასახელების პასუხად სტრატეგიულ პარტნიორს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ვაშინგტონის განცხადებებს ახსენებს.