სავარაუდო ძალადობა არასრულწლოვნებზე

არასრულწლოვან შშმ გოგოებზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობს “შშმ ქალთა ორგანიზაციის” ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი. მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. მისი ინფორმაციით, არასრულწლოვან გოგოებს ავიწროებდნენ და ძალადობდნენ სმენადაქვეითებულთა თემის წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერ შევიწროებას, ასევე ძალადობას და გაუპატიურების ფაქტებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა სმენადაქვეითებულმა პირმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც არასრულწლოვებზე სავარაუდო სექსუალური შევიწროებასა და ძალადობის ფაქტს განიხილავდნენ. ფაქტების შესახებ მათთვის სწორედ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რის შემდეგაც, პროკურატურას მიმართეს. დეა ერემაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ სამი წელია მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებობს 27 -ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც სამართალდამცველებს წარუდგენენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. ასევე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი.