სასამართლოს გადაწყვეტილება მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე

დამნაშავედ ცნობილი რვა პირი და ერთი გამართლებული – ამ შედეგით დასრულდა ვაკის პარკის ტრაგედიის გახმაურებულ საქმეზე რვათვიანი სასამართლო განხილვა.

შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „გრინსერისის“ დირექტორს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს და იმ კომპანიის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც გამოძიების მტკიცებით, შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა არ შეამოწმეს და ყალბი საექსპერტო დასკვნა მოამზადეს. საქმეში ერთადერთი გამართლებული ის ხელოსანია, რომელმაც ძმასთან ერთად უკვე დასრულებულ შადრევანზე დამატებითი სამუშაო ჩაატარა და ელექტროძრავაზე მიერთებული წყლის მილები თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეფუთა. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ სამუშაოების დროს დაზიანდა ელექტროკაბელი, რაც 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის და წყალში დენის გაჟონვის მიზეზი გახდა. თუმცა, ვალერი გობეჯიშვილისგან განსხვავებით, მეორე ხელოსანს პატიმრობა მიუსაჯეს.

სასამართლოს ვერდიქტით ორივე მხარე უკმაყოფილოა.