„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით მოსმენა გაიმართა ამერიკის კონგრესში. საუბარი „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“ სხდომაზე შედგა. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ღიად უარყო საქართველოს და მისი ხალხის დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანი, როდესაც პარლამენტში პუტინის სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი გაიტანა და ეს მრავალთვიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად მოხდა“.
კონგრესმენმა სტივ კოენმა კი განაცხადა, რომ სააკაშვილი მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას, მას იყენებდა ადამიანების დასასჯელად, ახლა ის თავად ციხეშია, მას საშინლად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს. კონგრესმენი ჯო უილსონის ინფორმაციით კი, მათ მიიღეს შალვა ნათელაშვილის წერილი, რომელსაც აშშ-ის კონგრესში განხილვის ოქმს დაურთავენ.
კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმეების სახით მიწვეული იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. მათ შეკითხვებს უპასუხეს. ნატალია საბანაძემ აღნიშნა, რომ ინდივიდუალური პირების მიმართ სანქციები უნდა დაწესდეს, თუმცა ამან არ უნდა იმოქმედოს ზოგადად მხარდაჭერაზე, რადგან საქართველოს მეტი თანადგომა სჭირდება.