საქართველო მძიმე ნოემბრის მოლოდინში.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი მეხუთე ტალღას დაწყებულად აცხადებს. შეინიშნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი მატება – ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 42 ადამიანი იმსხვერპლა. საგანგაშო ნიშნულამდე დაეცა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ტემპის გასაზრდელად დღეიდან 50-მდე დიდ სოფელში მარათონი დაიწყო. ეპიდემიოლოგები კარდაკარ დადიან და ადგილობრივებს ვაქცინების სარგებელზე დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. საღამოს 5 საათის მონაცემებით, დღევანდელი მარათონის შედეგად შიდა ქართლის ოთხი სოფლის მინიმუმ 12 000-იანი კონტინგენტიდან მხოლოდ 100 ადამიანი აიცრა. შარშანდელი მძიმე სურათის თავიდან ასაცილებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრი წლის ბოლომდე მინიმუმ კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრას მიიჩნევენ საჭიროდ. სხვა შემთხვევაში უმძიმეს თვეებს და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას პროგნოზირებენ. სკოლებში სწავლის დაწყებიდან ორი კვირის თავზე მკვეთრად იმატა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში „კოვიდ-19“-ს 23 მცირეწლოვანი ებრძვის.