ქვეყანაში კორონავირუსი უკონტროლოდ ვრცელდება.
ბოლო დღეებში გამოვლენილი მონაცემები ყოველგვარ პროგნოზს აჭარბებს. დღეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას 26 000-ზე მეტი ადამიანი დაემატა. გავრცელების დინამიკა ყოველდღე იზრდება. გუშინდელთან შედარებით დღევანდელი სტატისტიკა 2 000-ით მეტია. მაღლა იწევს გარდაცვალების მაჩვენებელიც. „ომიკრონის“ სწრაფი ცირკულირების და საგანგაშო მონაცემების ფონზე ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი რეგულაცია და შეზღუდვა აღარ მოქმედებს. სამედიცინო სექტორი უკმაყოფილებას ვერ მალავს საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით ამოქმედებიდან ორი თვის თავზე „მწვანე პასპორტები“ გაუქმდა. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების გამო ამ ნაბიჯს ექიმები გაუმართლებლად მიიჩნევენ. ფაქტია, რომ მეექვსე ტალღის პიკში ქვეყანა პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების ეტაპზეა.