საქართველოში გაზაფხულზე ნატო-ს გენმდივანთან ერთად ალიანსის სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა
საქართველოში გაზაფხულზე ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად ალიანსის სამხედრო კომიტეტიც ჩამოვა. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსანთა დელეგაციას სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე საჰაერო მარშალი სერ სტიუარტ პიჩი უხელმძღვანელებს. ვიზიტი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დროს შედგება. ეს იქნება სამხედრო კომიტეტის მესამე ვიზიტი საქართველოში. სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2014 წლის თებერვალში და 2017 წლის მარტშიც იმყოფებოდა.
კომიტეტის უმთავრესი პრიორიტეტი სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებაა. კომიტეტი ორგანიზაციისთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო ძლიერებასა და შესაძლებლობებს აფასებს.