საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ორი თვის შემდეგ 6 000 ადამიანით დასახლებული სოფლის ჩაკეტვა ხდება საჭირო.
დღეიდან გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში კარანტინია გამოცხადებული. მაღალი რისკის ზონაში ბოლო დღეებში „კოვიდ-19“-ის უკვე 26 ფაქტია გამოვლენილი. საფრთხეები მზარდია რაიონის სხვა სოფლებშიც. სწორედ გარდაბანს უკავშირდება ზომების გამკაცრება ლილოს ბაზრობაზე, სადაც რაიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილია დასაქმებული. დღევანდელი 19 ახალი შემთხვევიდან რვა ინფიცირებული ლილოს ბაზრობის მოვაჭრეა. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და ციფრები სულ უფრო საგანგაშო ხდება.
ყარაჯალარის ჩაკეტვის მიზეზი სოფლის მოსახლეობის მხრიდან ტესტირებაზე უარის თქმა გახდა, თუმცა დღეს ვითარება შეიცვალა და მკაცრი კარანტინის პირობებში ადგილობრივები ეპიდემიოლოგებთან უკვე თანამშრომლობენ. ტესტირებასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება გადაწყვეტს ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, სპეციალისტების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ნორმების და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების უგულებელყოფა.