საქართველოს სამი მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაშია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონთან საქართველოს სამი მოქალაქის უკანონო დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ფაქტი მოამბეს ცოტა ხნის წინ ასევე ოფიციალურად დაუდასტურა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.  „ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა ცხელი ხაზის გააქტიურება და ინფორმაციის გაცვლა არსებული პრაქტიკის შესაბამისად” – აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იზოლატორში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ცნობით, სამი ახალგაზრდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ჯართს აგროვებდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.