საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. ის მუსიკალური მეგა შოუს, „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია.
საბავშვო ევროვიზია 2024 წლის მონაწილე საქართველოს პირველმა არხმა დღეს დაასახელა. დღესვე პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ანდრია ფუტკარაძეს სპეციალური სიგელი გადასცა და საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტობა მიულოცა.
კონკურსი 16 ნოემბერს, ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება.
ქართველმა კონკურსანტმა სიმღერა ორი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლიდან ვოკალური ანსამბლის, „ზღვის შვილების“ წევრი გახდა. ანდრია ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში ფორტეპიანოს მიმართულებით სწავლობს.