საქართველოს რეგიონებში ხანძრებს ებრძვიან

საქართველოს რეგიონებში ხანძრებს ებრძვიან.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, ტყისა და მინდვრის ხანძარი ცხრა ლოკაციაზე ფიქსირდება. მათივე ცნობით, 4 იანვრის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მინდვრისა და ტყის ხანძრის კერის შესახებ 257 შეტყობინება დაფიქსირდა, მათგან 248 უკვე ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგენლობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.  უკვე მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონში. რთული რელიეფის გამო, სამუშაოები ადგილზე ძნელდება და ტექნიკასთან ერთად მეხანძრეების ცოცხალი ძალაც აგრძელებს მუშაობას. 45 მეხანძრე-მაშველი ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას, ხანძრის ქრობაში ჩართულია  ვერტმფრენიც.   რკონის ტყეში ცეცხლი ორი დღის წინ გაჩნდა. ხანძრის კერები  დასახლებული ადგილიდან ათ კილომეტრშია.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთშიც – ონში, სოფელ ონჭევისა და წოლას მიმდებარედ. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ   სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშსა და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივსა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. სიტუაცია კონტროლს  ექვემდებარება. მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში.