დღეს, 4 ოქტომბერს, 22:00 საათზე პირველ არხზე, პრეზიდენტობის კანდიდატების – მიხეილ სალუაშვილის, გიორგი ლილუაშვილის და კახაბერ ჭიჭინაძის დებატები გაიმართება.
პირველი არხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, გარდა მაუწყებლის მიერ გათვალისწინებული ფორმატებისა, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს.
დებატები შედგება ოთხი ბლოკისგან. სამ ბლოკში კანდიდატებს წამყვანი დაუსვამს შეკითხვებს, ხოლო ერთი ბლოკი ერთმანეთთან თავად კანდიდატების შეკითხვებს დაეთმობა.
კანდიდატების წარდგენის რიგითობა და პირველ კითხვაზე პასუხი განისაზღვრა მათი საარჩევნო ნომრით, უმცირესიდან უმეტესის მიმართულებით. ყოველი შემდგომი პასუხის, ან რეპლიკის შესაძლებლობა მიეცემა რიგით შემდგომ კანდიდატს.
ასევე, კანდიდატებს ექნებათ ერთი წუთი საკუთარი თავის წარსადგენად. პარტიებს შორის დებატებზე შეთანხმების შემთხვევაში, პირველი არხი თხოვნით მიმართავს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რამდენიმე დღით ადრე, აცნობონ თავიანთი შეთანხმების შესახებ, რათა ცვლილებები დროულად აისახოს საეთერო ბადეში.
შეგახსენებთ, 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს. დებატები და მათი ხედვების წარდგენა ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს FM 102.4-ის ეთერში.