არჩილ ტატუნაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი მიანიჭა – ამის შესახებ განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დაკრძალვის ცერემონიას ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ.
ყოფილი სამხედრო 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში დაიღუპა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ოჯახისთვის ცხედრის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.