სუდანში ამ დრომდე რჩება საქართველოს 33 მოქალაქე. ისინი უსაფრთხოდ არიან და საცხოვრებელ სახლებში იმყოფებიან. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხერხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველი შესაძლებლობის გამოჩენისთანავე ქართული მხარე შეეცდება, რომ მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელოს – იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო გზით. ქართული მხარე კონტაქტზეა როგორც გაერო-ს ოფისთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან.
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ორი ქართული ავიაკომპანიის თანამშრომლები არიან. „ჯეო სქაის“ და „მაი ვეი ეარლაინსის“ გენერალური დირექტორები აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ამ დრომდე უსაფრთხოდ არიან. მათ საკვები და სასმელი წყალი ისევ მიაწოდეს.სუდანში დროებითი მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, ქართველებს სროლების ხმა ისევ ესმით და სიტუაცია ისევ დაძაბულია.
სუდანის დედაქალაქიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს გაქცევას. ხარტუმში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია. უკვე მეექვსე დღეა, რაც ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 200 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი ორი ათასს აღემატება. დაპირისპირებული მხარეები 24 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით ცეცხლი არცერთ მხარეს არ შეუწყვეტია. შეტაკებები ქვეყნის არმიაში გასამხედროებული დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაიწყო.
ა.