საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია

ისტორია ამბებისგან შედგება, ამბებს კი ადამიანები ქმნიან…ზოგი ამბავი გამორჩეულია, ზოგიც არა. გამორჩეულების ამბები უფრო დიდ ხანს რჩება მეხსიერებაში, თუმცა, თუ ხშირად არ მოვყევით ასეთი ამბები, ადრე თუ გვიან, დაიკარგება.

90-იანების საქართველოში კი ამბავი ბევრი ხდებოდა. ისტორია, რომელიც საბჭოთა საქართველოში თითქოს გაიყინა, იღვიძებდა და გმირები, რომლებიც ომმა მოიტანა არა მარტო წიგნებში, არამედ ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდნენ და გვასწავლიდნენ, რომ სამშობლოს სიყვარული ყველაფერს ითხოვს, ყველაფერი მიაქვს და სამაგიეროდ სახელს გიტოვებს, რომელიც მრავალი წლის მერე სხვა სახელებივით, ისტორიის სახელმძღვანელოებში დაიწერება.

ასეთი სახელია გურამ გაბესკირია – სოხუმის მერი, რომელიც დაცემულ ქალაქს ვერ შეელია.

პოლკოვნიკ გაბესკირიას სამხედრო კარიერაზე არ უოცნებია. მისი სამხედრო გამოცდილება მხოლოდ 2 წლიანი სავალდებულო სამსახურით უნდა დასრულებულიყო, თუმცა როდესაც ბრძოლები მისი ქალაქის ქუჩებამდე მივიდა, განზე გადგომა მისი არჩევანი ვერ იქნებოდა. „ვერც მე და ვერც ის ადამიანები, ვინც მამას კარგად იცნობდა, ვერც კი წარმოვიდგენდით სხვაგვარ გადაწყვეტილებას,მისი უკანასკნელი სიტყვები კარგად გააზრებული განაჩენი იყო მისთვის“ – გვითხრა მისმა ვაჟმა, რომელიც მაშინ 11 წლის იყო. ახსოვს, რომ სთხოვდა მამას დაეტოვებინა ქალაქი და დღემდე სიტყვა-სიტყვით ახსოვს მამის პასუხიც : არა, ბოხო,  წადიო შენ და თუ რამეა, ხომ იცი, შენ ხარ ოჯახში კაციო…

26-ში ღამით ორ საათზე მოუხერხებია დარეკვა და ყველაფერი კარგად იქნებაო, დაამშვიდა მეუღლე. ალბათ, ამ ზარის და უზომო ოპტიმიზმის გამოც დიდი ხანი ვერ წარმოიდგინა ვერავინ, რომ სოხუმის კოლორიტს, უზომოდ კეთილ ადამიანს, გურამ გაბესკირიას დახვრეტდნენ და მხოლოდ ბევრი წლის შემდეგ, ამერიკელი ფოტოხელოვანის – მალკოლმ ლინტონის ფოტოგამოფენაზე, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის ამსახველი კადრებიც იყო, დახვრეტილი ადამიანების ფოტოებში ამოიცნეს ოჯახის წევრებმა. კიდევ უფრო ბევრი წლის მერე, 2017-ში, სოხუმში დახვრეტილი ადამიანების ნეშტების გადმოცემისას გადმოასვენეს გურამ გაბესკირიას ცხედარიც.  2017 მიენიჭა ეროვნული გმირის წოდებაც.

როგორც ვთქვი, ისტორია ამბებისგან შედგება, ამბებს კი ადამიანები ქმნიან, ზოგი ამბავი გამორჩეულია, ზოგიც – არა, გამორჩეულების ამბები უფრო დიდხანს რჩება მეხსიერებაში, თუმცა, თუ ხშირად არ მოვყევით ასეთი ამბები, ადრე თუ გვიან, დაიკარგება და  არიან ადამიანები, რომელთა ამბების დავიწყება არ შეიძლება, რადგან სწორედ ასეთი ამბებით იწერება ისტორია, რომლითაც შემდეგ ერი ამაყობს.