საქართველოს ცხრა მოქალაქე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოში, მარიხუანას შემდეგ, საქართველოს 9 მოქალაქე ჰეროინის, მორფინის, კანაფის ფისის, სულ 10 დასახელების ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.

მოსარჩელეთა ინტერესებს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. არსებითი განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს. სარჩელის ავტორები მსჯავრდებულნი არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის.

პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციური სარჩელში ისინი მიუთითებენ, რომ „ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით, დამზადებით, შეძენით და შენახვით, ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ავტორს. ამგვარი ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს. გაუმართლებელია პირის დასჯა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს ანალოგიური ქმედება. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ საშიშროებასთან.“