საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ორი მოქალაქის სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ორი მოქალაქის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ორი მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში 0,003 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინის შეძენა-შენახვის ბრალდებით მისცეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამფეტამინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს, ზედმეტად მკაცრია. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაური“ იცავს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მეტამფეტამინის ის ოდენობა, რის გამოც მათ სასჯელი დაეკისრათ, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია, არამარტო მისი შენახვა და რეალიზაცია, არამედ მოხმარებაც კი.

„პიროვნება, რომლის ინტერესებსაც ვიცავ, გასამართლებულია იმის გამო, რომ მეათიათასედი გრამი მეტამფეტამინი აღმოჩნდა მის ჭურჭელზე. ეს რაოდენობა თვალით უხილავია და უვარგისია მოხმარებისთვისაც კი, თუმცა მოქმედი კანონი ერთ გრამამდე მეტამფეტამინს მიიჩნევს დიდ ოდენობად, ერთ გრამზე მეტს კი განსაკუთრებით დიდ ოდენობად, სხვა ზღვარი გათვალისწინებული არ არის, მოქმედი ნორმა კი ერთ გრამამდე ნებისმიერი ოდენობისთვის ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – აცხადებს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. დღეს მიმდინარეობს განმწესრიგებელი სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს სასამართლო.