საკონსტიტუციო სასამართლო 0,003 გრამი მეტამფეტამინის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულების საქმეს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ორი მოქალაქის სარჩელს განიხილავს, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში 0,003 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება მეტამფეტამინის შეძენა-შენახვის ბრალდებით მისცეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორივე მათგანი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომელიც მეტამფეტამინის შეძენა-შენახვასა და მოხმარებას არეგულირებს, არის ზედმეტად მკაცრი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი მოქალაქის უფლებებს საია, მეორის კი „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ იცავს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მეტამფეტამინის ის ოდენობა, რის გამოც მათ სასჯელი დაეკისრათ, იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია, არა მარტო მისი შენახვა და რეალიზაცია, არამედ მოხმარებაც კი.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებს.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

დღეს მიმდინარეობს გამწესრიგებელი სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს სასამართლო.

დატოვე კომენტარი