საკონსტიტუციო სასამართლომ 10 დასახელების ნარკოტიკის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლომ 10 დასახელების ნარკოტიკის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ცხრა მოქალაქე ჰეროინის, მორფინის, კანაფის ფისის, სულ 10 დასახელების ნარკოტიკის გარკვეული რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს.

მოსარჩელეთა ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMS) იცავს. „სადავოდ არის გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ის რეგულაცია, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, საპატიმრო სასჯელს აწესებს. ჩვენი შეფასებით, პირადი მოხმარებისთვის საპატიმრო სასჯელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებულ ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის უფლებას“,-განაცხადა იურისტმა გურამ იმნაძემ.

სარჩელის ავტორები მსჯავრდებულნი არიან სადავო ნორმებით გათვალისწინებული სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის. პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელში ისინი მიუთითებენ, რომ ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, დამზადებით, შეძენით და შენახვით, ზიანი შეიძლება მიადგეს მხოლოდ ამ ქმედების ავტორს. ამგვარი ქმედებებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს.

„გაუმართლებელია პირის დასჯა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს ანალოგიური ქმედება. კანონი უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლომ შეარჩიოს სასჯელის ის ფორმა და ზომა, რაც ადეკვატური და შესაფერისია ჩადენილი ქმედების სოციალურ საშიშროებასთან“,-აღნიშნულია სარჩელში.

არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს დაიწყო.