მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე შემოდის.
ნოემბრიდან თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან რეისების შესრულებას 35-წლიანი ისტორიის მქონე ირლანდიური კომპანია „რაინეარი“ დაიწყებს.
მილანი, მარსელი, ბოლონია,- პირველ ეტაპზე ფრენები ევროპის სამი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, თუმცა მომავალი წლიდან ჩამონათვალს გერმანიის ქალაქი კიოლნიც დაემატება, გეგმაშია კიდევ ცხრა ქალაქის დამატება.
ერთი მიმართულებით ფრენის ფასი საშუალოდ 40 ევროს ფარგლებში იქნება. კომპანიასთან, რომლის ლაინერები 40-მდე ქვეყნის 2 000-მდე მიმართულებით დაფრინავენ, მოლაპარაკებები 10 წლის წინ დაიწყო და დღეს ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა.
საქართველოში კიდევ ერთი პოპულარული კომპანიის შემოსვლით ხელისუფლება ტურისტული ნაკადების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს.
საქართველო იქნება 39-ე ქვეყანა, სადაც „რაინეარი“ ოპერირებას დაიწყებს.