საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპექტრი აფასებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სტრასბურგში წარდგენილი კიდევ ერთი სარჩელის დასაშვებად ცნობა, თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია. ქართული მხარის გამარჯვებაში დარწმუნებულია ოპოზიცია.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოდან გაგზავნილი საჩივარი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო. საქმე ეხება 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განგრძობად ოკუპაციასა და საქართველოს მოქალაქეების უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტებს, რაზეც საქართველო მთელ პასუხისმგებლობას რუსეთს, როგორც ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელს აკისრებს. საჩივარში მოხვდა ტატუნაშვილის, ოთხოზორიასა და ბაშარულის საქმეებიც, რომლებსაც ევროპული სასამართლო დამოუკიდებლად განიხილავს.