არსებობის 45-წლიან ისტორიაში პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში აღნიშნავენ.
40-მდე ქვეყნის დელეგაცია ახლა თბილისში იმყოფება და ტურიზმის განვითარების ტენდენციებს ერთმანეთს უზიარებს. ტურიზმის მინისტრები, ტურისტული კომპანიები და კერძო სექტორის წარმომადგენლები თემატურ დისკუსიებზე ერთად მსჯელობენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის, როგორ შეუძლია ამ დარგს მშვიდობის დამყარება და როგორ უნდა დაძლიოს კოვიდ-პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულმა სფერომ გამოწვევები. მშვიდობა წლევანდელი ღონისძიებების მთავარი თემატიკაა. საქართველოში იმყოფებიან ცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ადგილებზე სტატიებს მოამზადებენ.