საქართველო პარტნიორების მიერ ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში აქტიურ მონაწილეობას განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე, რეგიონული სატრანზიტო ჰაბი ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციონირებაშიც ქართველი, ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობს. ტერიტორიაზე მოეწყო კარვები, სამედიცინო პუნქტები, სადაც ავღანეთიდან ტრანზიტით სხვა ქვეყნებში მიმავალ მგზავრებს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. საქართველოს თავდაცვის ძალები უზრუნველყოფს ბანაკის ყოველდღიურ მომსახურებას. თბილისის აეროპორტში განლაგდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო ქაბულიდან, უკვე თბილისის აეროპორტის გავლით ხდება ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა სხვადასხვა ქვეყნებში პარტნიორების მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისებით.