ევროპის რამდენიმე დედაქალაქში კოვიდშეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მეორე დღეა გამოსვლები არ ცხრება ნიდერლანდებში, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. პოლიციამ 50-ზე მეტი პირი დააკავა, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია. კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო, ნიდერლანდების მთავრობამ სამი კვირის განმავლობაში ბარების, რესტორნების და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მუშაობის საათები შეზღუდა. ასევე, სახლებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, ხოლო სამსახურები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გამოსვლები გაიმართა ავსტრიაშიც, სადაც მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნი და ახალი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ახალი კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს ჩეხეთში, შვეიცარიაში და ხორვატიაშიც.