კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად და ურუმჩიში ხანძრის შედეგად დაღუპულების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, შანხაის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ. საპროტესტო მუხტია ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტშიც. საპროტესტო ტალღა 25 ნოემბერს, ქალაქ ურუმჩიში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ იმ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების ნაწილი მომხდარს მოქმედ ლოკდაუნს უკავშირებს, რის გამოც, მათი თქმით, კორპუსის მცხოვრებლებმა შენობის დროულად დატოვება ვერ შეძლეს, რადგან გასასვლელი ნაწილობრივ ბლოკირებული იყო. ჩინეთის ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს, თუმცა, ადგილობრივმა მთავრობამ ბოდიში უკვე მოიხადა და პირობა დადო, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.