აქცია ზუგდიდში. აფხაზეთიდან დევნილი პირები, რომლებმაც ბინები ვერ მიიღეს, დევნილთა სამინისტროს რეგიონულ ოფისთან შეიკრიბნენ. ისინი ახსნა-განმარტებას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება და აქვთ ექსპერტიზის დასკვნა, რომ შენობა, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ ავარიულია. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პროტესტის მონაწილეებმა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე 50-მდე პოლიციელი რჩება მობილიზებული. დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ჯერ არ გამოჩენილან.