საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი თავდაპირველი რედაქციით დამტკიცებულია. თითქმის ორთვიანი პროტესტი არ წყდება. რუსთაველის გამზირი პროტესტის ეპიცენტრია. პარლამენტთან კანონის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მოთხოვნაა კანონის უკან გაწვევა. პარლამენტიდან გასულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა აქციაზე სცენა დაიკავეს და პრეზიდენტს გვერდში დგომისკენ მოუწოდეს. „მონები“, „მოღალატეები“, „რუსები“ – ეს სიტყვები დღეს რუსთაველის გამზირზე ყველაზე ხშირად ისმის. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ხმაურიან სხდომას და ვეტოს დაძლევის პროცედურას რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის წინ დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნებამდე პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.