საპატრიარქოს განცხადება

ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა  გიორგი მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. მასში ასევე ნათქვამია:

„ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი, დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად. ,,ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა“, – აღნიშნულია განცხადებაში.