მეორე დღეა, ენგურის ხიდი საოკუპაციო რეჟიმმა ცალმხრივად ჩაკეტა. მიმოსვლა ახალგაზრდა მამაკაცებს შეეზღუდათ. ოკუპირებული აფხაზეთიდან მხოლოდ მძიმე ავადმყოფებსა და საპენსიო ასაკის ადამიანებს ატარებენ.
ენგურის ხიდი გუშინ დაახლოებით 17:00 საათზე ჩაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გუშინ სოხუმში მომხდარ ორმხრივ სროლას უკავშირდება, რა დროსაც ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი მძიმედ დაიჭრა. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცეცხლი უცნობმა ნიღბიანმა პირებმა გახსნეს.
მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ხაჯიმბამ ე.წ. ძალოვან უწყებებს ყველა ზომის მიღება დაავალა, რათა დამნაშავეებმა აფხაზეთის საზღვარი ვერ დატოვონ.