სანქციების საკითხებზე მომუშავე დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი დასრულებულია. შედეგები დელეგაციის წევრებმა ბრიფინგზე შეაჯამეს. მათი განმარტებით, საქართველოს აქვს სისტემა, რომლითაც სანქციების შესრულების ეფექტური კონტროლი შესაძლებელია. მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის სასარგებლოდ გამოყენება არ დაუდასტურებია, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს საკითხი მაინც პოლიტიკური ბრალდების მთავარ თემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი ძალა სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს. ოპოზიციის განცხადებები მმართველი პარტიისთვის სპეკულაციაა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრების დასკვნამდეც, მათი ოპონენტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.