გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება რუსთავში.
სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მორიგი მოწმე, შპს „ერთობის“, – ე.წ. სტამბოლის ბაზრის, – დაცვის სამსახურის უფროსი, დიმიტრი ჩხეიძე დაიკითხა. ბაზრის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძის შემდეგ ეს მეორე პირი იყო, ვინც მოკლული გენერალი, საკუთარ კაბინეტში ნახა და პოლიციაში დარეკა. მოწმემ 15 იანვრის საღამოს განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკა და უპასუხა ადვოკატის მიერ დასმულ შეკითხვებს.
პროკურორის შეფასებით, მოწმემ იმ მოტივებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე გამოძიების პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობს.